2011 წლის სექტემბერში ფართოდ გავრცელდა სურათები, რომლებზეც ფილიპინებში დაჭერილი მასიური ნიანგი ჩანდა. 6.4 მეტრი სიგრძის მონსტრი ყველაზე დიდი ნიანგია მათ შორის, რომლებიც ადამიანებს აქამდე მოუხელთებიათ. მას 3 კვირის განმავლობაში დასდევდა 100 მონადირისგან შემდგარი ჯგუფი. დევნის მიზეზი ისაა, რომ ნიანგი მეთევზის მკვლელობაში დაადანაშაულეს. ეს არსება ცხოვრობდა აგუსანის მდინარის სისტემაში, რომელიც ღარიბულ რეგიონში მდებარეობს დედაქალაქ მანილადან 800 კმ-ით სამხრეთით.
რეპტილია დიდი ხნის განმავლობაში აფორიაქებდა სოფლელებს. ვერავინ ბედავდა მის დაჭერას, სანამ ადამიანებზე თავდასხმასთან დაკავშირებული ამბები არ გავრცელდა. ცოცხლად შესაპყრობად მონადირეებმა მდინარის მობინადრეს ფოლადის მილებისგან გაკეთებული 4 მახე დაუგეს. დაჭერის შემდეგ ათეულობით ადამიანი გახდა საჭირო, რომ ნაპირზე ამოეყვანათ. მიუხედავად იმისა, რომ ნიანგი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ის ვარსკვლავად იქცა და ტურისტების მიზიდვის საშუალება იქნება.